"დედამთილი და მული ცხოვრებას მიმწარებენ, "სოფლელს" მეძახიან და მამცირებენ..." - გულახდილი წერილი

"დედამთილი და მული ცხოვრებას მიმწარებენ, "სოფლელს" მეძახიან და მამცირებენ..." - გულახდილი წერილი

"თქვენთან ბევრი ადამიანის წერილს ვკითხულობ და მომინდა, მეც მომეწერა, ჩემი გულისტკივილი გამეზიარებინა.

5 წელზე მეტია გათხოვილი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოლოგიურ ტერორს განვიცდი...

მე და ჩემი ქმარი კურსელები ვიყავით, ერთმანეთი შეგვიყვარდა და რომ ვამთავრებდით უნივერსიტეტს, ცოლობა მთხოვა. ნამდვილად ვიცოდი, რომ დედამისი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების. ჯერ ერთი, უნდოდა, რომ მის შვილს მაგისტრატურაში გაეგრძელებინა სწავლა და ფიქრობდა, ქორწინება ხელს შეუშლიდა. თანაც, თბილისელები არიან, სოლოლაკში ცხოვრობენ ბევრი ხანია, ოღონდ ჩემი ქმარია აქ დაბადებული და გაზრდილი, თორემ დედამთილიც თავის დროზე რაიონიდან ჩამოვიდა. ჩემი მამამთილი ყოფილა თბილისში დაბადებული, თუმცა ის წლების წინ გარდაიცვალა... ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს "თბილისელობა" არის მთავარი უპირატესობა, რაც აქვთ ჩემთან მიმართებაში და რასაც თავიდანვე მაგრძნობინებდა ჩემი სადედამთილო, როგორც კი გაიგო, რომ მე რაიონიდან ვარ ჩამოსული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემი რძლობა არ უნდოდა, ეს იყო. ჩემმა ქმარმა თავისი გაიტანა, მეც არ დავიხიე უკან და გავთხოვდი, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან, რომ მცოდნოდა, ასეთ სტრესში ვიქნებოდი, ალბათ მეტად დავფიქრდებოდი...

დღე არ გავა, ერთხელ მაინც არ გავიგო სიტყვა "სოფლელი". ჩემი დედამთილი და ახალგაზრდა მული, რომელიც ჯერ არ გათხოვილა და ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ერთმანეთში ზუსტად სოფლელად მომიხსენიებენ და აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც არ მოსწონთ, დააყოლებენ - "სოფლელია და..."

ყველა ჟესტით და ქცევით მაგრძნობინებენ, თითქოს ჩემზე მეტნი არიან რამით. არადა მართლა არაფრით არიან მეტი სინამდვილეში - არც განათლება აქვთ ჩემზე უკეთესი, არც ზრდილობა და არც შეგნება. ზუსტად შეუგნებლობის და უზრდელობის დასტურია, როგორც იქცევიან ჩემთან და მე ასე ვფიქრობ, როცა ადამიანი სულ ამაზეა კონცენტრირებული, რომ "თბილისელია" და სხვები "სოფლელები", მას რეალურად არანაირი ღირსება და საამაყო არ გააჩნია, სწორედ ამ "თბილისელობის" გარდა, ამიტომაც სულ ამ "სტატუსს" აფრიალებს. დღევანდელ დღეს ისევ "თბილისელობაზე" და სოფლელობაზე ლაპარაკი, მართლა ნამდვილი გოიმობა მგონია. ერთი-ორჯერ, ვუთხარი კიდეც ჩემს დედამთილს, ყელში რომ ამომიყვანა, მაგრამ გაგონებაც არ უნდა. თავს მაღლა აწევს, ცხვირს აიპრეხს და ისე ჩამივლის, თითქოს მწერი ვიყო და არა ადამიანი.

რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერს მოაყოლებს: "სოფელში ისწავლე?", "ალბათ შენს სოფელში ასე იქცევიან..." ჩემი მულიც გამაგონებს ხშირად: "სოფლურად ნუ გამოეწყობი, ნორმალურად ჩაიცვი", "მაგის დაჭერა გოიმობაა, კარგი ჩანთა იყიდე"...

რაც შვილი გამიჩნდა, მთლად გადავიდნენ ზღვარს. ჩემი დედამთილი ჩემ გასაგონად ეუბნება ბავშვს, რა არის თურმე დახვეწილი მანერები, ასწავლის, რომ თბილისელია და ქალაქელია და სოფლელებს არ უნდა დააჩაგვრინოს თავი. აპროტესტებს, როცა დღესასწაულებზე ან ზაფხულში ჩემს მშობლებთან მიმყავს - სოფლურ მანერებს გადაიღებს ან კილოს აიკიდებსო, ბუზღუნებს. ჩემებს ხო დასანახავად ვერ იტანს. ერთადერთხელ იყვნენ, როცა პატარა სუფრა გვქონდა ჩვენს შეუღლებასთან დაკავშირებით და მაშინაც ისე ამრეზით უყურებდა და ექცეოდა, მას მერე არც უფიქრიათ ჩვენთან სტუმრობა...

ქმართან ბევრჯერ მილაპარაკია ამ თემაზე. სამწუხაროდ, გადასვლას ვერ ვახერხებთ, ჩვენი შემოსავალი თვიდან თვემდე ბავშვის აუცილებელ ხარჯებს ძლივს წვდება და ქირას ვერ გადავიხდით. რამდენჯერმე დედამისს და თავის დას უსაყვედურა და სთხოვა, რომ აღარ მომქცეოდნენ ასე, მაგრამ ვითომ არც გაუგონიათ. ასე მგონია, ცდილობენ მაიძულონ, რომ მე თვითონ წავიდე. მაგრამ ოჯახის დანგრევა არ მინდა, თან ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს და ამიტომაც გავყევი ცოლად. არადა, მუდმივად დამცირებული ვარ და საშინლად ვგრძნობ თავს. მითხარით, როგორ მოვიქცე?

ელენე, 27 წლის"

კვირის პოპულარული
სოციალური ქსელი
გამომყევი Facebook-ზე