ავარიის დროს გიორგი რატიანი მანქანიდან ხტებოდა, მაგრამ პროტეზმა შეუშალა ხელი...“ - როგორ მოხდა საბედისწერო ავარია და როგორ გადარჩა მულახის გზაზე მანქანაში მჯდომი მესამე მგზავრი?
9 ივლისს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ავტომობილში მყოფი მესამე მგზავრი სიკვდილს გადაურჩა და ამჟამად შოკურ მდგომარეობაშია. ავტოავარიის შედეგად გიორგი რატიანი და გიორგი ნიჟარაძე დაუღუპნენ.
"იმ ღამით ბიჭები, გიორგი რატიანი, გიორგი ნიჟარაძე და გიორგი კაკრიაშვილი მესტიიდან უშგულში მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. სამივენი თანატოლები - 30-32 წლისანი იყვნენ. იქ ბიზნესი ჰქონდათ. გარდაცვლილები თბილისელები არიან, გიორგი კაკრიაშვილი - ჯანდარელი.
სამივენი მეგობრები იყვნენ, ერთად გაზრდილები, ზაფხულობით სულ სვანეთში იყვნენ. ბიჭები გვიან მიდიოდნენ უშგულში და არის ვერსია, რომ ცუდი ხილვადობა იყო, ზოგი იმას ამბობს, რომ მანქანამ უმტყუნათ. ერთ-ერთი გიორგის მამა - როლანდ ნიჟარაძე, ერთი პერიოდი სამხედრო აკადემიაში ასწავლიდა. მეორე გიორგი - რატიანი ადრე ძიუდოისტი იყო, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ვინც დაამარცხა, მისმა მამამ გამარჯვებულს, გიორგი რატიანს იარაღიდან ესროლა, მუხლი დაემსხვრა, სისხლისგან იცლებოდა, ძლივს გადაარჩინეს.
ამის შემდეგ ბიჭს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. გიორგი ნიჟარაძეს დედა არ ჰყავდა, რატიანს - მამა (იმ შემთხვევას გადაჰყვა, ინფარქტით გარდაიცვალა).
ავარიის დროს გიორგი რატიანი თურმე მანქანიდან ხტებოდა, მაგრამ პროტეზს შეუშლია ხელი, საჭესთანაც ის მჯდარა. მარტო გიორგი კაკრიაშვილმა მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა, მას არაფერი დაშავებია, მაგრამ შოკშია ბიჭი.
როცა მანქანა გადავარდა, რა თქმა უნდა, ტელეფონებიც დაიკარგა, ამიტომ კაკრიაშვილი მულახში (ჭოლაში) ასულა, ტრაგედიის შესახებ სოფელს მან შეატყობინა, სოფელმა კი მაშველებს და სასწრაფოს. რატიანი იქვე ნახეს, ხევში, ნიჟარაძეს კი ძებნა დასჭირდა, მდინარე მულხურამ წაიღო.
იცით, რა საოცარი ბიჭები იყვნენ?! ბედნიერია, ვინც მათ არ იცნობდა და ასე არ განუცდია ამ ახალგაზრდების დაღუპვა, როგორც ჩვენ განვიცდით“, - უთხრა "ამბებს" გარდაცვლილი ბიჭების ახლობელმა.
ambebi.ge